5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას ალადაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.
5 ივლისს მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. როგორც თვითმხილველმა ფორმულას უთხრა, ის გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.
პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.