
ნიკა მელია აცხადებს, რომ 6 ივლისის აქციაზე არ იმყოფებოდა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის იქ ყოფნას განსაკუთრებული დაძაბულობა მოჰყვებოდა და, შეიძლება, ეს ყველაფერი სისხლისღვრამდეც მისულიყო.
მისივე განცხადებით, მმართველი ძალის მიერ მართული ძალადობრივი აქტორები და პოლიცია ისე მოიქცეოდა, როგორც ამას ქართული ოცნება მოინდომებდა.
„მქონდა ინფორმაცია, ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას და მეტიც, დარწმუნებული ვარ, პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი ისე, რომ ქართულ ოცნებას არ გაუჭირდებოდა მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე. ის კორდონი გაიხსნებოდა, როცა ქართული ოცნება ჩათვლიდა საჭიროდ. თუ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი, უმრავლესობა, იყვნენ მართულები და მეორე მხარეს პოლიცია, რომელიც ასევე მართულია.
დილიდან იყო კამპანია დაწყებული, რომ ენმ იდგა ამ ყველაფრის უკან. აფრიალებდნენ ორ ფოტოს, სადაც მე ვიყავი ორ ახალგაზრდასთან, ვინც იყვნენ მოძალადეების მხარეს. იმასაც კი არ ერიდებოდა პროპაგანდა, ნიკა მელიას ახლობლები არიან ორივე მხარეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააკეთა მათ ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება, მელია შემდეგნაირად განმარტავს:
„წინასწარ ბრიფინგი უნდა მომეწყო, ხალხო არ წახვიდეთ? რას ფიქრობთ, იყო დაგეგმილი ეს ღონისძიება მოძალადეების მხრიდან უმცირესობების განადგურების მიზნით? საარჩევნო კამპანია გახსნეს. ეს დასაწყისია", - ამბობს მელია.
როგორც ნიკა მელიამ ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში განაცხადა, ქართული ოცნების პროპგანადისტული მანქანა ახლა ოპონენტების განადგურებაზე მუშაობს, ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ რომელიმე მათგანი აქციაზე არ იმყოფებოდა კონკრეტული გარემოებების გამო, არასწორია.
„გულნატკენი რამდენიმე ადამიანი ამბობდა, ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ვერ უზრუნველყვეს მობილიზება თავიანთი... არასწორია, ყველა საერთო ფრონტის ჯარისკაცები ვართ. მე უნდა ვთქვა, კორცხელში რომ ვებრძოდით, სად იყო სხვები? სიტუაციურად არ ხარ ყოველთვის იქ, სადაც შენი თანამოაზრეა, არ არის ასე. ამით სარგებლობს ქართული ოცნება. სუს-ი ზის და გეგმავენ ანალიტიკური სამსახური, როგორ გაანადგუროს დემოკრატიული ოპოზიცია", - ამბობს ნიკა მელია.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს.
ხოლო 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.