"სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!", "გადადგეს მკვლელი მთავრობა!" - 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ ამ სახელწოდების აქციებს მოძარობა სირცხვილია და სხვა აქტივისტები გამართავენ.
ორივე აქცია პარლამენტის წინ 18:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.
„ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს - დღეს გარდაიცვალა.
1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს", - ნათქვამია განცხადებაში.
ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა.
ის გარდაცვლილი მისი ოჯახის წევრებმა 11 ივლისს, გამთენიისას ნახეს. მათი თქმით, ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ამ წუთებში მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.
5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.
5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.
შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა.
ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო".
5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.
ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა.
5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის. თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.