logo
ENG



დეგნანი ოცნებაზე: ნებისმიერი იურისტი იტყვის, როცა შეთანხმებას ხელს აწერ, პირობებს ეთანხმები

17 ივლ 202117:14
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა/ვახო ქარელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ქართულ ოცნებას მოუწოდებს 19 აპრილის შეთანხმება შეასრულოს, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. 

როგორც დეგნანმა აღნიშნა, როდესაც მხარეები შეთანხმებას ხელს აწერენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი დოკუმენტში მოცემულ ტექსტს სრულად ეთანხმებიან. 

"19 აპრილის შეთანხმება ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, სანამ არ განხორციელდება ფართო და ყოვლისმომცველი მსჯელობა რეფორმაზე, შემდგომ ჩატარდება ამბიციური რეფორმა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განხორციელდეს მოსამართლეთა დანიშვნები. იმის გამო, რომ არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს.

მხარეებმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას, მე არ მაქვს რაიმე ინფორმაცია არანაირ გვერდით ან სიტყვიერ შეთანხმებაზე, ვიცი მხოლოდ ის, რაც წერია დოკუმენტში. ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, რომ როცა ხელშეკრულებას აწერს ხელს, ეთანხმები იმას, რაც მასში წერია", - განაცხადა კელი დეგნანმა

აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხს ამერიკის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. საკითხს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შეასრულოს და მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეაჩეროს. რაც შეეხება ამერიკის საელჩოს საქართველოში, ისინი ამბობენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა "უაღრესად გულდასაწყვეტია. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

ეს მოსამართლეები არიან: 

  • გოჩა აბუსერიძე;
  • გიორგი გოგიაშვილი;
  • ლევან თევზაძე;
  • რევაზ ნადარია;
  • ბიძინა სტურუა;
  • ლაშა ქოჩიაშვილი;

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. 

ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა