logo
ENG



53 ჟურნალისტის ცემის და პოლიციის უმოქმედობის შემდეგ პრემიერი ამბობს, რომ ძალადობას გმობს

06 ივლ 202111:57
3 წუთის საკითხავი
 

53 ჟურნალისტზე სასტიკი ძალადობის და პოლიციის უმოქმედობის შემდეგ, მომდევნო დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა ყოვლად მიუღებელია. 

საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ, 5 ივლისს, არ აღკვეთა ძალადობრივი ქმედებები ჟურნალისტების მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს დააკისრა, რომელთა უკანაც, მისი შეფასებით, "დგას ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით". 

დღეს კი მან თქვა: 

"რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. მინდა, ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს უკვე 3 პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველას იდენტიფიცირება მოხდება და ყველა იქნება შესაბამისად დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა".

ჟურნალისტების კითხვებს, რატომ არ იყო სათანადო რაოდენობის პოლიცია გუშინ რუსთაველის გამზირზე, რათა დაეცვა მედიის წარმომადგენლები, ღარიბაშვილმა არ უპასუხა. 

ჟურნალისტებზე ძალადობა გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულად მიმდინარეობდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ. 

რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები. 

თუმცა, ადგილზე ძალიან ცოტა პოლიციელი იყო. ხელისუფლებამ მედიაზე თავდასხმები არ აღკვეთა. 

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებზე ძალადობა მაინც გაგრძელდა. 

პოლიციამ 53 ჟურნალისტის ცემისთვის პოლიციამ სულ 11 ადამიანი დააკავა, მათგან 8 - ადმინისტრაციული წესით. 


close დახურვა