logo
ENG

"შეწყვიტეთ მედიის დისკრედიტაცია" - კოალიცია საპატრიარქოსა და მთავრობას მიმართავს

23 ივლ 202119:16
3 წუთის საკითხავი
clock 696
2021/07/23/etgf5xnsm05twvp.jpg

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მთავრობასა და საპატრიარქოს მოუწოდებს, შეწყვიტონ მედიის დისკრედიტაცია. 

როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არის მოლოდინი, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ძალების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმების რაოდენობას.

კოალიცია მოუწოდებს ყველა საჯარო პირს შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება. 

"დღეს, 2021 წლის 23 ივლისს გავრცელდა პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, სადაც იგი ჟურნალისტებს "მოძალადეებს" და "პარტიულ აქტივისტებს" უწოდებს. სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას.

გუშინ, 2021 წლის 22 ივლისს, პირველმა ვიცეპრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ აძლევდა მუშაობის შესაძლებლობას. მოგვიანებით, მან უარი განაცხადა ტელევიზიისათვის კუთვნილი ნივთის დაბრუნებაზე. მინისტრის ქცევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. გამოძიება უნდა დაიწყოს, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ისე სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.

გუშინვე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც მწვავედ გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლები და პრაქტიკულად მოუწოდა სასულიერო პირებს კომუნიკაცია შეწყვიტონ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან. საპატრიარქოს განცხადების პათოსი თანხმობაშია მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მედიის მიმართ ძალადობის ესკალაციის რისკებს. 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის პარტნიორი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ეს არის კოორდინირებული შეტევა მედიაზე, რაც საგანგაშოა იმის ფონზე, რომ ხელისუფლება არ ცდილობს მიიღოს პრევენციული ზომები ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უფრო მეტიც, ჟურნალისტების უფლებების პატივისცემისკენ მოწოდებებს "დეზინფორმაციას" და "ცილისწამებას" უწოდებს, ხოლო 5-6 ივლისს მედიის მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობის ორგანიზატორებს არ აკავებს", - წერია განცხადებაში. 

კოალიცია ასევე მოუწოდებს "ხელისუფლებას შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისება, საჯაროდ გაემიჯნოს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკას და მიიღოს ზომები მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის".

"მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ქონების მიტაცებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტებთან მიმართებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI, ლიბერალური აკადემია თბილისი, მედიაკლუბი, მედიის განვითარების ფონდი, მედიის უფლებები, სატელევიზიო ქსელი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, უფლებები საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი OSGF. 

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტების დაშავებასა და ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მედიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. სწორედ ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებ იმართება.

17 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ღონისძიება კრიტიკული მედიების [ფორმულა, მთავარი არხი და ტვ პირველი] წარმომადგენლები არ მიიწვია და თქვა, რომ ამ ტელევიზიებმა "ყველანაირი წითელი ხაზი" გადაკვეთეს. კრიტიკულ მედიას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებაც გამოუცხადეს ბოიკოტი. 

 
 
 
close დახურვა