
"ძალიან მოხარულები ვართ, გადმოგცეთ ეს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა, როგორც ნაწილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა", - ამის შესახებ ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოში აშშ-ს მიერ ნაჩუქარი მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა ჩამოვიდა.
ელჩის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით.
"ახლა ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ ის, რასაც ნამდვილად შეუძლია შეებრძოლოს ამ გლობალურ პანდემიას, ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. ეს ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა დაემატა იმ 9 მილიონი დოლარის დახმარებას, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად", - აღნიშნა ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, ის და საელჩოს თანამშრომლები უკვე აცრილები არიან და მოსახლეობასაც მოუწოდებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა.
აშშ-ს ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა Pfizer 23 ივლის, გვიან ღამით ჩამოვიდა. დახვედრის ცერემონიას აშშ-ს ელჩი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და პრეზიდენტს ჯო ბაიდენს:
"ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს".
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის მართვის პერიოდში ეს უპრეცედენტო და ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარებაა.