ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თბილისის ქუჩებში ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრა მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის.
"რა სიძულვილი? სიკეთე და პოზიტივი, მხოლოდ ეს. ჩვენი კამპანია დაიწყო პროგრამით, პოზიტიური კანდიდატით. ეგ არ არის ჩვენი კამპანიის ნაწილი", - თქვა თალაკვაძემ.
ჟურნალისტების კითხვას - რატომ მოხდა ქუჩებში მსგავსი პლაკატების გაკვრა, თუ ეს ოცნების კამპანიის ნაწილი არაა, თალაკვაძემ ასე უპასუხა: "აბა რატომ ჩამოხსნა მერიამ? თუ მიხვდებით?".
თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელთა საწინააღმდეგო პლაკატები 24 ივლისს გამოჩნდა. პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე.
ოპოზიცია იხსენებს, რომ სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.
გუშინ, 25 ივლისს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა 2 პირი, რომლებმაც დედაქალაქის ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გააკრეს. მერიაში თქვეს, რომ ეს პირები დაჯარიმდნენ.