logo
ENG



მელია: სიტყვა არავინ დაძრას არჩევნების ბოიკოტზე, 2 ოქტომბერს ოცნების დამარცხება გაფორმდება

29 ივლ 202115:19
3 წუთის საკითხავი
 
მელია: სიტყვა არავინ დაძრას არჩევნების ბოიკოტზე, 2 ოქტომბერს ოცნების დამარცხება გაფორმდება
ფოტო: ვახო ქარელი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს გამორიცხავს და ამბობს, რომ 2 ოქტომბერს ქართული ოცნების დამარცხება უნდა გაფორმდეს. 

მელიას თქმით, ოცნება მაინც დამარცხდება, მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ 43%-იან პრინციპს.

"უკვე დამარცხებული ქართული ოცნების გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. სიტყვა არავინ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის ქართული ოცნების ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს ოცნებას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში", - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება იძულებული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნოს. 

"მნიშვნელობა არ აქვს, ქართული ოცნება აღიარებს თუ არა დაწესებულ 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ ქართულ ოცნებას და ოცნება იქნება იძულებული, რომ ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", - თქვა მელიამ. 

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს.  როგორც მან აღნიშნა, ის აპირებს, რომ მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

დღეს, 29 აპრილს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. 

მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  


close დახურვა