logo
ENG



ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

29 ივლ 202115:04
3 წუთის საკითხავი
clock 1363

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ის აპირებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან ერთად, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.

"მოგეხსენებათ, ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან და მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად", - თქვა მელიამ.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ. 

"მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას. ამის შემდეგ მათ რა თქმა უნდა მოუწევთ ყველაფრის გაკეთება. თუ ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ მათ საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი", - თქვა ნიკა მელიამ.

გუშინ, 28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

დღეს, 29 აპრილს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა

მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

გუშინ, 28 ივლისს, ქართული ოცნების დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა


close დახურვა