logo
ENG



ვაშაძე: მიშელის განცხადება არასწორია, პარტნიორებისგან ვითხოვ კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას

29 ივლ 202117:19
3 წუთის საკითხავი
clock 974

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე შარლ მიშელის განცხადებას ქართული ოცნების დოკუმენტიდან გასვლასთან დაკავშირებით არასწორს უწოდებს და დასავლელი პარტნიორების მხრიდან "კრიტიკულად აქტიურ" ჩართულობას მოითხოვს.

ვაშაძე ამბობს, რომ პარტნიორებმა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულონ. 

"შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებაზე, რაც დღეს ჰქონდა, ძალიან ცოტა ხანში თქვენ ნახავთ ამაზე საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს იყო არასწორი განცხადება ამ შემთხვევაში.

ნომერ პირველი ამოცანაა, შევასრულებინოთ ნაკისრი ვალდებულება, მათ შორის პირადად ჩემთან და სხვა ხელმომწერებთან აიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. მე რომ ქართულ ოცნებას არ ვენდობოდი ეს ორჯერ ორი ოთხია, მე ვენდე მათ და ვითხოვ მათგან კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას", - თქვა ვაშაძემ. 

დღეს, 29 ივლისს, ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა.

მიშელმა აღნიშნა, რომ საკითხზე პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციებს იწყებს და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა