logo
ENG



ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება

29 ივლ 202119:31
3 წუთის საკითხავი
 
ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება

ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, გააუქმონ საკუთარი გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. განცხადებას მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი არიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გავიდეს შეთანხმებიდან. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ შეთანხმება გზას აგებს პოლარიზების შემცირებისთვის, კანონის უზენაესობისთვის და ისეთ საკვანძო საკითხებს ეხება, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება.

"ქართული ოცნების მტკიცების საპირისპიროდ, რომ შეთანხმებამ შეასრულა საკუთარი მიზნები და შესაბამისად ლიმიტს მიაღწია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც წლების განმავლობაში უნდა გატარდეს და არა ეპიზოდურად.

ამ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი იმ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზეა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამავე დროს მივესალმებით იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას და აგრძელებენ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გაგრძელებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც თბილისი პრაიდის გაუქმება გამოიწვია, მმართველი პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუება გახდა.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება და დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად გულწრფელად იმუშაონ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის, რათა შეთანხმება სრულად შესრულდეს სიტყვითაც და საქმითაც", - წერენ ევროპარლამენტარები.

 თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

დღეს, 29 აპრილს, ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა.

მიშელმა აღნიშნა, რომ საკითხზე პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციებს იწყებს და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

 


close დახურვა