logo
ENG



ICOM, ICOMOS და ლურჯი ფარი: ხელოვნების მუზეუმის ფონდების ევაკუაცია 6 თვეში შეუძლებელია

31 ივლ 202111:57
3 წუთის საკითხავი
clock 869
2021/07/31/m5sx6dotc7it9nd.png

ICOM-ისICOMOS-ის და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობას და მასში დაცული კოლექციის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.  

ისინი უაღრესად საყურადღებოს უწოდებენ კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს - "ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების, მუზეუმის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმაა". 

გეგმა 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და მუზეუმის ფონდების ევაკუაციას გულისხმობს. 

საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 6 თვე დროის მცირე მონაკვეთია, დაგეგმილი სამუშაოების ამ დროში ჩატარება კი - შეუძლებელი. 

მათი თქმით, როცა ეროვნული მუზეუმის მიერ განხორციელდა არასათანადო პირობებში დაცული ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთის ქვეყნების კოლექციის (5000-მდე ნივთი) სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის საცავში დროებით განთავსების პროექტი (EU twinning პროექტის ფარგლებში, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ექსპერტთა მონაწილეობით, 2009-2012), მას 2 წელი დასჭირდა.

ორგანიზაციების შეფასებით:

"კოლექციების საგანგებო ევაკუაციისათვის აუცილებელია:

ა) პრევენციული კონსერვაციისა და კოლექციების მართვის სპეციალისტების მიერ დამუშავდეს ევაკუაციისთვის საჭირო ადეკვატურ დროში გაწერილი დეტალური გეგმა, რომელიც დაეფუძნება საევაკუაციო კოლექციების მდგომარეობის ანალიზს, აღწერს ქმედებებს, მოიცავს თითოეული ქმედების რისკების ანალიზს და განსაზღვრავს საჭირო მატერიალურ და ადამიანურ რესურსს;

ბ) კოლექციების დროებით სივრცეებში გადატანისა და განთავსებისას გათვალისწინებული იყოს პრევენციული კონსერვაციისა და უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტი და კოლექციების ინტერესების დასაცავად, პროცესი განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტთა ჩართულობით.  

საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ქვეყნის მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი განძთსაცავია, რომელიც განთავსებულია შვეიცარიელი არქიტექტორის ჯუზეპე ბერნარდაცის მიერ 1830-იან წლებში აგებულ შენობაში (დამკვეთი: ცნობილი ქართველი მეცენატი ი.ზუბალაშვილი), ხოლო მუზეუმში დაცული კოლექციები (139 000-მდე ექსპონატი) ქართველ მხატვართა ნაწარმოებებთან ერთად (მათ შორის ნ. ფიროსმანაშვილის 152 ნამუშევარი), მოიცავს ქართული ოქრომჭედლობის, ტიხრული მინანქრის, ხატწერის, კედლის მხატვრობის, მოზაიკის, ქსოვილის, საიუველირო ხელოვნების, ასევე ევროპული და აღმოსავლური ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს.  

ფართო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ წლებია, საფრთხის წინაშე დგას როგორც მუზეუმის შენობა, ასევე მასში დაცული კოლექციები, რაც არაერთხელ ყოფილა დისკუსიის საგანი როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში გამართულ საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმებზეც. ცნობილია ასევე, რომ ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებულია მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო ინსტიტუციების საუკეთესო გამოცდილებას და არაერთხელ განხილულა სამუშაო შეხვედრებზე. 

რაც შეეხება მუზეუმის ნაგებობას, იგი გვიანი კლასიციზმის უიშვიათეს ნიმუშს წარმოადგენს და დახვეწილი პროპორციებითა და ტექნიკური შესრულების მაღალი ხარისხით XIX საუკუნის თბილისის გამორჩეულ შენობათა რიგშია. რამდენიმე ქუჩის გადაკვეთაზე აგებული, თითქმის 200 წლის შენობა დღესაც დიდწილად აწესრიგებს თავისუფლების მოედნის ხელყოფილ ისტორიულ განაშენიანებასა და სივრცეს. ტიპური ტექნიკური დასკვნა ვერ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, თითქოს შენობის აღდგენა შეუძლებელია.

ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა მისაღებია მხოლოდ ავთენტურობისა და მთლიანობის დაცვით.

ნაგებობის არც ერთი ნაწილი არ უნდა დაინგრეს. რეაბილიტაციამდე, საჭიროა დაცლილი ნაგებობის გადაუდებელი დროებითი გამაგრება და მონიტორინგი, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს. აუცილებელია კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინტერდისციპლინური კვლევის საფუძველზე შემუშავდეს შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტი, რისთვისაც ყველა (ხელისუფლება, პროფესიული ინსტიტუციები და სამოქალაქო საზოგადოება) ვალდებულია, მოიძიოს და გამოიყენოს სათანადო რესურსი.  

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობა წარმოადგენს ,,სამუზეუმო ქუჩის“ კონცეფციის უმთავრეს შემადგენელ ნაწილს, რომლის შექმნის იდეა ჯერ კიდევ მე-19 ს. 50-იან წლებში, კავკასიის მუზეუმის დაარსების დროს გაჩნდა. 2007 წელს კი, „სტუდია მილუ არქიტექტის“-ისა (საფრანგეთი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორთა თანამშრომლობით შეიქმნა თანამედროვე სამუზეუმო უბნის ხედვა, რომლის შესაბამისად განხორციელდა საქართველოს მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსის რეკონსტრუქციები, რამაც, ბერლინის სამუზეუმო კუნძულის მსგავსად, განავითარა საუკუნენახევრიანი ისტორიული მეხსიერება, რაც შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას საჭიროებს.  

სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“  მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ როდის შეიძლება ნაგებობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა. ასეთად კანონი მიიჩნევს: ძეგლის განადგურებას, ან ისეთ დაზიანებას, როცა ძეგლმა დაკარგა ისტორიული ღირებულება, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ან მეცნიერული (მეთოდოლოგიური)  კრიტერიუმით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებლები, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი (იხ. მუხლი 17). ხელოვნების მუზეუმის შენობის შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა. ხოლო ე. წ. "არარენტაბელურობის" საფუძვლით ძეგლის რეაბილიტაციაზე უარის თქმის შესაძლებლობას კანონი არ იცნობს. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელოვნების მუზეუმის  შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდეს საჯაროდ,  პროფესიონალებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რაც, სამწუხაროდ, აქამდე არ  განხორციელებულა". - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. 

***

ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის და შენობის დანგრევის შესახებ საუბარი საჯაროდ 22 ივლისს დაიწყო, როცა გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ექსპერტიზის დასკვნა კომპანია „კარიატიდამ" მოამზადა.  

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს. 

მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც

დანგრევის შესახებ დასკვნა გააპროტესტა მუზეუმის ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რის გამოც ის, მინისტრის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. მისი ადგილი, თეა წულუკიანის ბრძანებით, ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა. 


close დახურვა