logo
ENG



სუს-ი ბელარუსის კგბ-ზე: მსგავსი ტიპის თანამშრომლობა NATO-ს და EU-ს ქვეყნებთანაც გვაქვს

16 აგვ 202114:23
3 წუთის საკითხავი
clock 1299

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურა ბელარუსის კგბ-სთან თანამშრომლობაზე მწვავე კრიტიკის არგუმენტად მოყავს, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის კომუნიკაცია აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და NATO-სა და EU-ს სხვა ქვეყნებთანაც აქვთ.

უწყება განმარტავს, რომ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა არ მოუწევთ და "ნებაყოფლობით" გაცვლიან ინფორმაციას. 

სუს-ი ამ ამბით შეშფოთებას პოლიტიკური დისკრეტიდაციის მცდელობას უწოდებს.

"შეთანხმება  მიზნად  ისახავს  მხარეებს  შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე", - წერია განცხადებაში. 

ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. სუს-ში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის.

ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი 2021 წლის აგვისტოში აამოქმედა.

მაშინ, როცა აშშ-ს, კანადას, ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს ბელარუსისთვის არაერთი სანქცია აქვთ დაწესებული, 2021 წლის 1-ლ აგვისტოს საქართველოს სუს-ს და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს  შორის  მჭიდრო  თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე. 

დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ბელარუსი აქტივისტები და ჟურნალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, ისინი გამოგონილი ბრალდებებით დააკავონ და ბელარუსს გადასცენ. 

ბელარუსში ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე რეპრესიები ერთ წელზე მეტია, ხორციელდება. 

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ქვეყანაშ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. 

აქციებზე დააკავეს ათობით ათასი ადამიანი. მოკლეს, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი. ქვეყანა დატოვა ათობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა. 

ამ დროის განმავლობაში ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირმა  და დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს არაერთი სანქცია დაუწესეს. 

სანქციები ათობით ინდივიდსა და კომპანიას შეეხება, როგორც მთავრობის ოფიციალურ პირებს, ისე კანონმდებლებს, თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს კაბინეტის მინისტრებს და ოჯახის წევრებს. სანქციების შესაბამისად, დასავლეთში მათ აქტივები იყინება და მოგზაურობაზე შეზღუდვები წესდება.


close დახურვა