logo
ENG



ევროპარლამენტარი: მოვუწოდებ საქართველოს, გააუქმოს ბელარუსთან ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება

16 აგვ 202119:11
3 წუთის საკითხავი
clock 978
ევროპარლამენტარი: მოვუწოდებ საქართველოს, გააუქმოს ბელარუსთან ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტთან დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლაზე. იგი ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ბელარუსიიდან დევნილები საქართველოში უსაფრთხოდ უნდა იყვნენ. 

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის. ლუკაშენკოს 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ უკანონოდ აქვს მიტაცებული ძალაუფლება. ბელარუსიიდან დევნილი პირები საქართველოში უსაფღთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს", - წერს ევროპარლამენტარი.

ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. სუს-ში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის.

ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი 2021 წლის აგვისტოში აამოქმედა.

მაშინ, როცა აშშ-ს, კანადას, ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს ბელარუსისთვის არაერთი სანქცია აქვთ დაწესებული, 2021 წლის 1-ლ აგვისტოს საქართველოს სუს-ს და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს  შორის  მჭიდრო  თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე. 

დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ბელარუსი აქტივისტები და ჟურნალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, ისინი გამოგონილი ბრალდებებით დააკავონ და ბელარუსს გადასცენ. 

ბელარუსში ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე რეპრესიები ერთ წელზე მეტია, ხორციელდება. 

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ქვეყანაშ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. 

აქციებზე დააკავეს ათობით ათასი ადამიანი. მოკლეს, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი. ქვეყანა დატოვა ათობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა. 

ამ დროის განმავლობაში ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირმა  და დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს არაერთი სანქცია დაუწესეს. 

სანქციები ათობით ინდივიდსა და კომპანიას შეეხება, როგორც მთავრობის ოფიციალურ პირებს, ისე კანონმდებლებს, თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს კაბინეტის მინისტრებს და ოჯახის წევრებს. სანქციების შესაბამისად, დასავლეთში მათ აქტივები იყინება და მოგზაურობაზე შეზღუდვები წესდება.


close დახურვა