logo
ENG



2-20 აგვისტოს მონაცემებით, ოცნებას 4 მლნ ლარამდე თანხა შესწირეს

29 აგვ 202113:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/29/4hz2ibukqdsuvhe.jpg

2 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით ქართულ ოცნებას 3 986 585 ლარი შესწირეს.

მონაცემები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე საჯაროვდება. 

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის არიან როგორც კონკრეტული ფიზიკური პირები, ისე კომპანიები.

შემომწირველებს შორისაა თბილისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან - კახა კალაძემ პარტიას 4 100 ლარი შესწირა. კალაძე დედაქალაქის მოქმედი მერი და პარტიის გენერალური მდივანია.

ქართული ოცნების ერთ-ერთი შემწირველი ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნაირა ხაბულიანია

9 აგვისტოს მან მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. მანამდე, 2020 წლის ოქტომბერში ხაბულიანს ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს ასევე 60 ათასი ლარი. 

თანამდებობის პირის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხაბულიანმა 2019 წელს ახალციხესა და ასპინძაში საჩუქრად მიიღო რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ჯამში 128 834 კვადრატული მეტრი. 

ამასთან, დეკლარაციის ჩაბარების დროს, 2021 წლის მარტში, ნაირა ხაბულიანის და მისი ქმრის საბანკო ანგარიშებზე ჯამში 3000 ლარზე ნაკლები იყო, მათგან 1618 ლარი ხაბულიანის ქმრის, თენგიზ ზედგინიძის სამომხმარებლო სესხის თანხაა. 

2020 წელს TI წერდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ - ნაირა ხაბულიანი რამდენიმე ანაზღაურებად საქმიანობას ითავსებდა. მათ შორის ერთ-ერთი "ახალციხის კლინიკა იმედში" ეპიდემიოლოგის პოზიციაა. 

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს სამცხე-ჯავახეთში ცხელების ცენტრები სწორედ იმ სამედიცინო დაწესებულებებში შეიქმნა, სადაც ნაირა ხაბულიანი ეპიდემიოლოგიად მუშაობს.

TI-ისვე ცნობით, მისი შვილი ნინო ზედგინიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების უფროსია. 

TI-ის მიერ შექმნილ ვებგვერდზე დათვლილია პარტიის მიერ 2021 წელს მიღებული სრული თანხაც - ქართულმა ოცნებამ მიმდინარე წელს 7 392 985 ლარი მიიღო შემოწირულობის სახით. 


close დახურვა