საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელს, დავით კეზერაშვილს, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც წინა ორ ინსტანციას გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამატყუნებელი განაჩენია.
ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ფორმულასთან საუბარში თქვა, რომ მოსამართლემ თავდაპირველად ათწლიანი სასჯელი განსაზღვრა, რაც ამნისტიით განახევრდა.
პირველ ინსტანციის შემდეგ, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.
იმ დროს პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან განიხილა დავით კეზერაშვილის საქმე კიდევ ორ მოსამართლესთან, ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად.
ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო.
"მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს" - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა დავით კეზერაშვილის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან.
საქმის განახლება ტელეკომპანია ფორმულას მენეჯმენტმა კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას დაუკავშირა.
წარსულში გენერალური პროკურორის და ამჟამად მოსამართლე თადუმაძის ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა სახალხო დამცველმა.
პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ერთერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას ედავებოდა.
ორ ინსტანციაში წაგების შემდეგ, პროკურატურამ საქმე საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როცა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.