logo
ENG



მდინარაძე ამტკიცებს, რომ ენმ პირადი ცხოვრების კადრების ან ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს

14 სექ 202115:37
3 წუთის საკითხავი
clock 1851
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობა პირადი ცხოვრების კადრებისა ან/და მისი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ სუს-ის მასალები გავრცელებას "ბოლშევიკური კამპანია" უწოდა, ხოლო კრიტიკულ მედიებს ნაციონალური მოძრაობის დავალებით "ფონის შექმნაში" ადანაშაულებს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ მღელვარების გამოწვევას", - განაცხადა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არ იცის რა კადრები ან ფაბრიკაცია იქნება გავრცელებული, თუმცა ამტკიცებს, რომ მიზანია, მათი გავრცელება ქართულ ოცნებას დაბრალდეს. 

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.

ჩანაწერები თარიღდება 2014-2021 წლებით.

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა