logo
ENG



შალვა კეკელია: ჩემი პირადის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი - საპირფარეშოში არ გადამიღონ

14 სექ 202121:13
3 წუთის საკითხავი
clock 26045
შალვა კეკელია: ჩემი პირადის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი - საპირფარეშოში არ გადამიღონ

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, შალვა კეკელია ამბობს, რომ "საშინელებაა, როცა ადამიანს მისი ნებართვის გარეშე უსმენენ", ამავე დროს, მისთვის მისაღებია, "მის ცხოვრებას დააკვირდნენ". 

"მე მისმენს ეშმაკიც, მისმენს ღმერთიც. ყველა მისმენს. 

ის, რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია, საშინელებაა, როცა ადამიანს უსმენენ მისი ნებართვის გარეშე. მიუღებელია ეს ყველა ადამიანისთვის, როგორ შეიძლება, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები იყოს. 

მაგრამ მე ნეტა ყველა ადამიანი მისმენდეს, როგორ ვცხოვრობ. 24 საათი მრევლთან ვარ, როგორ ვშრომობ. ნეტა ყველა ადამიანმა მოისმინოს ჩემი ქადაგება, რას ვლაპარაკობ, როგორ ვლაპარაკობ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ის არის, რომ აღსარების დროს არ მოგისმინონ, იმიტომ, რომ ადამიანი სულს გაბარებს და ძალიან მძიმეა, იქ ადამიანმა მოსმენა დაგიწყოს. თორემ ადამიანი ჩემს ცხოვრებას რომ დააკვირდეს, ეს ჩემთვის მიუღებელი არ არის.

ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი - საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ. ". - უთხრა მან ფორმულას ჟურნალისტს. 

13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ჩანაწერებში ფიგურირებს შალვა კეკელიაც. 

ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა