logo
ENG



GDI: პირებს, ვინც სუს-ის უკანონო ჩანაწერებში ფიგურირებენ, იურიდიულ დახმარებას ვთავაზობთ

15 სექ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock 15690
2021/09/15/972b7tyxqr4fi94.png

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იურიდიულ დახმარებას სთავაზობს მათ, ვინც სუს-ის მიერ მომზადებულ მასალებში ფიგურირებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ GDI მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ პირს ინდივიდუალური განცხადების მომზადებაში და გაუწიოს კონსულტაცია.

"როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ათასობით ფაილში ფიგურირებს არაერთი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და სხვა პირი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ფარული მიყურადება და მოსმენა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად დასჯადია  პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.  ამასთან 158-ე მუხლის თანახმად პასუხისმგებლობის საფუძველია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაც. შესაბამისად, გავრცელებული მასალა, რომლის მოპოვებაც დიდი ალბათობით სწორედ უკანონოდ მოხდა, გამოძიების დაწყების საფუძველია.

GDI მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ პირს ინდივიდუალური განცხადების მომზადებაში და გაუწიოს კონსულტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა