logo
ENG



სუს-ის ფაილები: პატრიარქი გადადგომას აპირებდა, თუმცა გადააფიქრებინეს

15 სექ 202112:34
3 წუთის საკითხავი
clock 4175

სუს-ის დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ პატრიარქი ილია მეორე გადადგომას აპირებდა. 

2020 წლის სექტემბრით დათარიღებულ ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ვარაუდობს, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავს. ამავე ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ დიმიტრი შიოლაშვილმა ილია მეორეს გადადგომა გადააფიქრებინა.

"ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი "ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის" პანსიონის დირექტორ, მონაზონ სიდონია დარჩიასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ მ/წ 6 სექტემბერს პატრიარქთან დაგეგმილ შეხვედრაზე უწმინდესი გეგმავს გადადგომას. მისივე განმარტებით, დაახლოებით ერთი კვირის წინ ილია მეორემ თავის თანაშემწე დავით ჭინჭარაულს სთხოვა, რომ დაერეკა მღვდელმთავრებთან და დაეგეგმა შეხვედრა საპატრიარქოში, თუმცა იმ მომენტში ქ.თბილისში იმყოფებოდა მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავარი. დ.შიოლაშვილის თქმით, ხსენებულ მღვდელმთავრებთან შეხვედრისას პატრიარქმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად მან მ/წ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დატოვოს საპატრიარქო ტახტი. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის იქნება კატასტროფა და გამოიწვევს ქაოსს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საუბრიდან რამდენიმე წუთში დ.შიოლაშვილი კვლავ დაუკავშირდა ს.დარჩიას და აცნობა, რომ დაუკავშირდა პატრიარქის მომვლელი ანასტასია (დოკი) იაშიბაში, რომელმაც სასწრაფოდ სთხოვა მცხეთაში ჩასვლა და პატრიარქის მონახულება. მიტროპოლიტის თქმით, ა.იაშიბაში იყო საკმაოდ აღელვებული და განაცხადა, რომ პატრიარქი ემზადება გადადგომისთვის და მისთვის აზრი შეცვლა შეუძლია მხოლოდ დ.შიოლაშვილს. თავის მხრივ მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ამ მომენტში იმყოფება ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში და სასწრაფოდ გაემგზავრება ქ.მცხეთაში", - ვკითხულობთ ჩანაწერში.

კიდევ ერთ ჩანაწერში კი აღნიშნულია, რომ დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის თანაშემწეს, დავით ჭინჭარაულს აცნობა, რომ ილია მეორეს ესაუბრა და გადააფიქრებინა:

"ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა პატრიარქის თანაშემწეს დავით ჭინჭარაულს აცნობა, რომ მკაცრად ესაუბრა უწმინდესს და გადააფიქრებინა გადადგომა. აღნიშნულთან დაკავშირებით დ.ჭინჭარაულმა განაცხადა, რომ ილია მეორის ინიციატივის შესახებ შეიტყვეს "ზემოთ" და საპატრიარქოს განუმარტეს, რომ დაუშვებელია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რადგან აღნიშნული ქმედება უარყოფითად აისახება როგორც მოსახლეობის განწყობაზე, ასევე ხელისუფლების რეიტინგზე. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა დ.შიოლაშვილიც". 


close დახურვა