logo
ENG



ფაილები: როგორ უსმენს სუს-ი ელჩებს

15 სექ 202117:11
3 წუთის საკითხავი
clock 6758
ფორმულა/ვახო ქარელი

გავრცელებული ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.

ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ საკუთარ თანამშრომლებთან.

ყველა ეს საუბარი უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც მოხვდა ფაილებში.

ფაილებში მოყვანილია ევროკავშირის ელჩის საუბრები საკუთარ თანამშრომლებთან. 

"[08.10.20, 13:28:57]: მიღებული ინფორმაციით, მ.წ. 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესაუბრა თანაშემწე, რომელსაც განუცხადა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში სამღვდელოებასთან ჩანიშნული შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით საათ-ნახევარი, მისი ინფორმაციით შეხვედრაზე მიდის მხოლოდ რამდენიმე ელჩი, ამიტომ თავად გეგმავს, რომ შეხვედრას დაესწროს მხოლოდ ნახევარი საათი, შემდეგ მოიმიზეზებს მნიშვნელოვან საქმეს და წამოვა".

გარდა ამისა, მოცემულია საუბარი კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი პანდემიის პერიოდში ეკლესიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. მასალის მიხედვით, გასული წლის მარტში კარლ ჰარცელი და მისი თანამშრომელი განიხილავენ პანდემიის პერიოდში საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ელჩის თანაშემწე, რომელიც კრებსებში ფიგურირებს, ფორმულასთან საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ელჩს ამის შესახებ შეატყობინებს.  

სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ფაილებში იძებნება რან გიდორისა და პროტოპრესვიტერის განხილვები, რომელიც მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და სხვა სასულიერო პირების ანტისემიტურ განცხადებებს ეხებოდა.

"[30.12.20, 19:11:21]: [...] პროტოპრესვიტერი დაუკავშირდა უშუალოდ ელჩს და დეტალურად უამბო ი.გამრეკელთან შემდგარი საუბრის დეტალები. აღნიშნულთან დაკავშირებით რ.გიდორმა განაცხადა - "მამაო მე ბავშვი არ ვარ, წლებია დიპლომატი ვარ, დეტალურად გავეცანი მიტროპოლიტის ქადაგებას, სადაც ნათლად ჩანს ანტისემიტიზმის გამოვლინება, მე ველოდი, რომ ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ მსგავსი არაფერი უხსენებია, მე არჩევანი არ მაქვს და ვაპირებ მომხდარის შესახებ საკმაოდ კრიტიკული წერილის გამოქვეყნებას, სადაც ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკლესია და სახელმწიფო არ გმობენ ი.გამრეკელის ქმედებას". გ.ზვიადაძემ საუბრისას ელჩის და ებრაელი ხალხის მიმართ გამოხატა პატივისცემა, სთხოვა წერილის გამოქვეყნებისგან დროებით თავის შეკავება და შესთავაზა მ/წ 31 დეკემბერს 14:00 საათისთვის პატრიარქთან შეხვედრა, რაზეც ელჩმა განაცხადა თანხმობა".

გაშიფრულია საელჩოს თანამშრომლის საუბარი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ხატია დეკანოიძესთან, რომელსაც აცნობა, რომ ელჩს მასთან შეხვედრა სურს. 

გარდა ამისა, მოყვანილია აღნიშნული თანამშრომლისა და სავარაუდოდ ელჩის მძღოლის საუბარი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში შედგა. 

ფაილში გაშიფრულია 2020 წლის ოქტომბერში პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომუნიკაცია ესტონეთის ელჩის თანაშემწესთან. ამავე პერიოდში, მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან საპატრიარქოში შეხვედრას ათანხმებდა.


close დახურვა