logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტები სუს-ის ფაილების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

15 სექ 202117:36
3 წუთის საკითხავი
clock 15595

პროკურატურამ ფორმულას ჟურნალისტები სუს-ის ფაილების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარა. დღეს მარტა ქურასბედიანსა და ქეთი ნადიბაიძეს პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და უწყებაში გამოცხადება სთხოვეს. 

ფორმულას ჟურნალისტები პროკურატურაში ხვალ, ადვოკატის თანხლებით მივლენ.

ჟურნალისტები ბოლო დღეების განმავლობაში ისინი აქტიურად აშუქებენ სუს-იდან გაჟონილი მასალას და სავარაუდოდ, გამოძიება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს კითხვები.

"დაბარებული ვარ გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით, ასე განმიმარტა გამომძიებელმა. ჯერჯერობით არ ვიცი, რა შეკითხვები ექნება პროკურატურას. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ჩემს სამსახუროებრივ საქმიანობას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმიტომ, რომ უკვე მესამე დღეა ვაშუქებ ამ თემას", - ამბობს ფორმულას ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე.

"დაახლოებით ორი საათის წინ დამირეკეს, მითხრეს, რომ თემასთან დაკავშირებით სურთ ჩემთან საუბარი ბუნებრივია ვაპირებ, რომ მივიდე უფლებადამცველთან ერთად და პროკურატურის ყველა კითხვას პასუხი გავცე. წინასწარ არ ვიცი, რა აინტერესებთ", - ამბობს ფორმულას ჟურნალისტი მარტა ქურასბედიანი.

13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა