logo
ENG



სააკაშვილი: პლაკატების ავტორია ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, ნაძირალა

21 სექ 202115:53
3 წუთის საკითხავი
clock 649

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლიანი ბანერების განთავსებას ეხმაურება და ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბანერების ავტორი პოლიტტექნოლოგი მოშე კლუგჰაფტია, ადასტურებს. 

როგორც სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, მმართველი გუნდის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი კლუგჰაფტს დიდ თანხას უხდის, რათა მან "ქართველი ხალხი დაასიაფანდოს". 

"მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად დაგასიაფანდებთ.

არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ გიტყდებათ, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად „ტეხავს“ უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და წერტილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. 

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერს გადააკრეს.

ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.

ჩვენივე ინფორმაციით, ნეგატიური კამპანიის სასწრაფო წესით დაგეგმვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოცნებამ შიდა კვლევით გაარკვია, რომ პარტიის მხარდაჭერა მხოლოდ 33%-ია.

სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო 2018 სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე მის ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერები იყვნენ გამოსახული, პარალელურად, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები.

მოახლოებული არჩევნების წინ, 17 სექტემბერს, ქუჩაში კვლავ გამოჩნდა მსგავსი შინაარსის სისხლიანი ბანერები. ოპოზიციის ლიდერებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად მათზე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.

 

 

close დახურვა