logo
ENG



NCDC იმედს გამოთქვამს, რომ "ალმა" აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს

21 სექ 202120:04
3 წუთის საკითხავი
clock 602
NCDC იმედს გამოთქვამს, რომ "ალმა" აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია ალმა აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს. 

"ცენტრსა და შპს ალმას შორის მრავალწლიანი წარმატებული სახელშეკრულებო ურთიერთობების გათვალსწინებით, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტშიც, სოციალური და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალსწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ ცენტრსა და შპს ალმას შორის არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილი იქნება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საყოველთაო ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და შპს ალმა აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს". - აცხადებს NCDC. 

აღნიშნული ბანერების ნაცვლად ოპოზიციის და მედიის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი სისხლიანი პლაკატები თბილისის ქუჩებში 17 სექტემბერს გამოჩნდა.

კომპანია ალმა ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ვაქცინაციის მოწოდების შესახებ ბანერები უსასყიდლოდ 3 თვით გადასცა. პასუხად NCDC აცხადებს, რომ ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერების განთავსების 3-თვიანი ვადა კომპანია ალმასთან ხელშეკრულებაში ნახსენები არ არის.

20 სექტემბერს NCDC-მ კომპანია ალმას ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით ჩანაცვლება მოთხოვა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ხელშეკრულებით ვაქცინციის მხარდამჭერი ბანერების განთავსების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ.

"ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ რადგან სექტემბერში ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე, მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით. აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული.

სახელშეკრულებო პრაქტიკის, საკითხის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე თითოეული მოქალაქის მორალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბანერის განთავსების ლოკაციის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით".- წერია NCDC-ის განცხადებაში. 


close დახურვა