ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც მისი ვიდეოა აქ ჩაწერილი.
"სააკაშვილი საქართველოში არ არის. მეორე, ეს ადამიანი არის კლოუნი და კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, სრულიად საქართველო დაინახავდა როგორი კლოუნია.
მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და ვიდეო არაა ჩაწერილი საქართველოში",- ამბობს ის.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება.
"დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.
მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
"ეს არის ჩემი ბათუმი. ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა ენმ-ს. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.
ისე მენატრებოდა აქაურობა...", - თქვა მან.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.