logo
ENG



დღეს ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შევლენ

04 ოქტ 202110:19
3 წუთის საკითხავი
 
კადრი

დღეს ადვოკატები ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოინახულებენ.

ისინი ექსპრეზიდენტთან შესვლას დაკავების დღესაც ითხოვდნენ, თუმცა ამის უფლება არ მისცეს და მიზეზად არასამუშაო საათები დაასახელეს. 

"შევძლებთ მის მონახულებას რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შესაბამისად, გავესაუბრებით ყველა იმ საკითხზე, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს. პარასკევს გვსურდა მისი მონახულება, თუმცა ვფიქრობ, დაუსაბუთებელი უარი მივიღეთ აღნიშნულზე, ვინაიდან ეს არ იყო სტანდარტული სიტუაცია", -თქვა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულებმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ. კომენატარი ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია ზელენსკის პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.


close დახურვა