უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პირადად ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინაში დაბრუნდეს.
როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ საკითხში იქნება ჩართული ყველა - როგორც ელჩების ისე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
"მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. და ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე - ჩვენ ყველა ამით დავკავდებით", - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულებმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ. კომენატარი ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია ზელენსკის პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.