ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა - ექიმის ინფორმაციით, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
37 წლის მამაკაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს და ცოცხალი გადარჩა.
კლინიკა მედცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პაციენტი ჯერჯერობით რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.
"პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ სტაბილურია, დადებითი გვაქვს ის, რომ პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს, პაციენტი დარჩება დღეს მაინც რეანიმაციულ განყოფილებაში, იმიტომ რომ ის დარღვევები, რაც ქონდა შემოსვლის დროს, ყველა კორეგირებული ჯერჯერობით არ არის.
მდგომარეობა გუამჯობესდა, მაგრამ პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ყოველ საათში ხდება მონიტორინგი იმ სასიცოცხლო ფუნქციების, რომელიც იყო დარღვეული შემოსვლის დროს. " - ამბობს კლინიკა მედცენტრის ხელმძღვანელი მედეა ქაჯაია
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.