logo
ENG



ევროპელი სოციალისტების აზრით, 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია

13 ოქტ 202117:13
3 წუთის საკითხავი
clock 1148
ევროპელი სოციალისტების აზრით, 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია
ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

პოლიტიკური პარტია ევროპელი სოციალისტების წევრებს მიაჩნიათ, რომ 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. 

ფორმატი კავკასიის სამი ქვეყნის: აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, ასევე ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას გულისხმობს. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები. 

ფრიდონ ინჯიას პარტიის განცხადებაში წერია, რომ ამასთან, ამ პლატფორმაში მონაწილეობისთვის აუცილებელია დათქმა, რომ რეგიონის სახელმწიფოებმა უპირობოდ უნდა ცნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. 

"ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ რეგიონი, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ვერც მეზობლებს ავირჩევთ.   ჩვენ ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთმეზობლების გვერდით. ამ მოცემულობის შეცვლა მხოლოდ ვირტუალურად, ციფრულად არის შესაძლებელი. გონება იმისათვის გვაქვს, რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, გავატაროთ პრაგმატული, რეალისტური და კეთილმეზობლური პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას, უსაფრთხოებას, მოქალაქეების კეთილდღეობას და იმის წინაპირობა იქნება, რომ ჩვენი მეზობლებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ორიენტირებულები იქნებიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე". - წერია პარტიის განცხადებაში. 

ევროპელი სოციალისტები ასევე წერენ, რომ მსგავსი წინადადება 2 ათეული წლის განმავლობაში უპრეცედენტოა და იგი ყველა მონაწილემ შეიძლება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. 

"მიგვაჩნია, დადგა დრო, რომ მთავრობამ ქვეყნის გადარჩენისთვის პრაგმატულად იმოქმედოს. თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, მსგავსი მომენტი შეიძლება მეტი აღარ დადგეს და ქვეყანა ყველაფრისგან მიღმა აღმოჩნდეს. ეს კი სახელმწიფოსთვის საბოლოო დაღუპვა იქნება". - წერია განცხადებაში. 

მათივე შეფასებით, ის, ვინც ხელისუფლებას ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, "ქვეყანას ანგრევს". 

"ეს ძალები სხვადასხვა პარტიებში გაბნეულ ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, 2003 წლიდან დემოკრატიის დროშის საფარქვეშ ყიდიან და ანგრევენ ქვეყანას, რომლის მწვერვალიც 2008 წელს გაჩაღებული ომი იყო. 2012 წლიდან ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ და ამ უტოპიური იდეის განსახორციელებლად, მზად არიან გაიმეორონ 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი,  ყველაფერზე მიდიან, დაწყებული დივერსიიდან, დამთავრებული კაცის კვლით. აღნიშნული კარგად ჩანს  მიმდინარე წლის მოვლენებითაც. ამ პოლიტიკური ჯგუფების ქმედებები დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციურია და არ ჯდება, პოლიტიკური პარტიების მოქმედების არანაირ ჩარჩოში. შესაბამისად, მთავრობამ, უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა, რომელიც საჭიროა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, უნდა გაატაროს ყველა ზომა, რომ არ განმეორდეს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი. მათ არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ მთავრობაზე განახორციელონ მიზანმიმართული ზეწოლა, რათა მან ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად არ მიიღოს სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებები. ამ ჩიხში კი ქვეყანა სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად აღმოჩნდა". - აცხადებენ ევროპელი სოციალისტები. 

ევროპელი სოციალისტების ამჟამინდელი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით, ადგილმონაცვლის პრინციპით, მას შემდეგ მოხვდნენ, რაც პარტიის ლიდერებმა დეპუტატის მანდატებზე უარი თქვეს.

3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. 

ის გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები. 

2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთად განიხილა ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნა. როგორც ლავროვმა თქვა, ირანულმა მხარემ ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა და რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ აზერბაიჯანს და თურქეთს.

ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ილაპარაკა. მან თქვა, რომ "ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე". 

კრიტიკის შემდეგ საგარეო უწყების პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და რომ საქართველო რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. 


close დახურვა