logo
ENG



აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელიც ნაგავსაყრელზე ცხოვრობს - შაბათის ფორმულა

16 ოქტ 202120:56
3 წუთის საკითხავი
clock 2188

ბათუმის ნაგავსაყრელზე წლებია ცხოვრობს აგვისტოს ომის ვეტერანი. 39 წლის ჯემალ ბერიძე შინდისის ბრძოლის ვეტერანია - ახლა ის იძულებულია თავი ნაგავში მცირედი რკინის მეტალების ქექვით ირჩინოს და ოჯახიც შეინახოს. 

აგროვებს კონსერვის ქილებს, კილოგრამს 70 თეთრად აბარებს, 1 კილო პლასტმასში კი 30 თეთრს იღებს. თვის ბოლოს 200-დან 300 ლარამდე უგროვდება

"იქექები, ყველა ცელოფანს ხევ ფაქტიურად, იმისთვის რომ რამე არ გამოგრჩეს. ნახვაზეა რა, ვის როგორი ბედი აქვს და რას ნახავ და რა შეგხვდება. თორე ყოფილა დღეები რომ საერთოდ ვერაფერი ვერ გაგვიკეთებია და უბრალოდ გავსულვართ სახლში ჩვეულებრივად. ასეთი დღეებიც ბევრი ყოფილა", - ამბობს 2008 წლის ომის ვეტერანი. 

ოჯახი აქაურობას სოციალური დახმარებით გაარიდა, თვითონ იძულებულია აქვე დარჩეს, რომ მათი რჩენა შეძლოს. შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ქირის თანხა მთავრობისგან მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია. სოციალურის გარდა, შინდისის ტრაგედიის მონაწილისთვის ერთადერთი დახმარება 22-ლარიანი პენსიაა. სამხედრო სამსახურიდან ომის დროს მიღებული თავის დახურული ტრავმის, ხერხემლისა და ელენთის დაზიანების გამო გამოუშვეს, ისე რომ არც კომპენსაცია მიუციათ. 

ქირით ნაშოვნი ერთოთახაინი ფიცრულის გარდა, მისი ოჯახის საკუთრებაში სოფელ ზედა ლეღვაში კუთვნილი დანგრეული სახლია, სახლი, სადაც ცხოვრება არ შეიძლება, რადგან მოძრავ ქანებზე დგას და მეწყერმა უკვე ეზოს ნაწილი გამოაცალა.

მთავრობის დახმარებას ამაოდ ელოდება მამუკა ხილაძეც, რომელსაც აჭარაში ყველა გმირის სახელით იცნობს. მამუკამ ტალღებისგან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იხსნა და დღეს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში თავად ცხოვრობს.

როცა პატარა ბავშვების სიცოცხლე იხსნა და ყველამ გაიცნო, აჭარის მთავრობამ ერთი წელი უნივერსიტეტის გადასახადი დაუფარა, თუმცა მრავალი სოცოცხლის გადამრჩენელი მალე ყველამ დაივიწყა. ქარმა მის სახლს ჭერი გადახადა. 

გეოლოგების დასკვნის მიხედვით სახურავახდილი სახლის გასამაგრებლად სარემონტო სამუშაოები საკმარისი არ არის. სახლი უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს, რისთვისაც ხელვაჩაურის გამგეობამ მხოლოდ 1200 ლარი გამოუყო. 

ქართულ ოცნებაში ნაგავსაყრელზე მცხოვრები სხვა 20-მდე ოჯახის შესახებაც არაფერი გაუგიათ. ადამიანები, რომელთა არსებობაც ყველას დაავიწყდა, ცხოვრებას ნაგავსაყრელზე აგრძელებენ. 


close დახურვა