logo
ENG



"შეიძლება ბერიძემ რამე დაუშავოს" - შატალოვას ოჯახს მოკლული ქალის შვილზე მეურვეობა სურს

22 ოქტ 202120:12
3 წუთის საკითხავი
clock 820

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას დედა, სვეტლანა შატალოვა პირველ კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ მის შვილს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის ეშინოდა და მისგან მუდმივ საფრთხეს გრძნობდა. 

როგორც შატალოვამ ფორმულასთან საუბარში აღნიშნა, მისი შვილი ხშირად ამბობდა, რომ თუ მას რამე დაემართებოდა, ეს ყოფილი მეუღლის ბრალი იქნებოდა. 

გარდა ამისა, შატალოვას დედა ამბობს, რომ ოჯახისთვის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიუღებელია და მათ ბავშვზე მეურვეობის მიღების სურვილი აქვთ. 

"​დაკრძალვის შემდეგ ჩამოვალ და ამ საქმეს მივხედავ. მინდა, რომ ბავშვი ჩემთან, რუსეთში წამოვიყვანო. ახლა გავიგე, რომ ბავშვი მის ყოფილ ქმართან და მის მეუღლესთან არის - ეს მიუღებელია. შეიძლება ნებისმიერ დროს რამე დაუშავოს - უბრალოდ გაბრაზებულმა. ვითარება არანორმალურია, ბავშვს დედა არ ჰყავს. მე როგორც ბებიამ, ისიც არ ვიცი მექნება თუ არა შესაძლებლობა მისი ნახვის. საერთოდ არაფერი ვიცი, სახლში ვარ გამოკეტილი, ველოდები ჩემი გოგოს დაკრძალვას.

ამდენი დღე გავიდა და გამომძიებლები არაფერს ამბობენ. ბოლოს მკვლელობის ღამეს ველაპარაკე. ანასტასიას კონფლიქტი არავისთან ჰქონდა და არც მტერი ჰყავდა, თუმცა ბერიძესთან სულ კონფლიქტი ჰქონდა, სულ ეშინოდა მისი, ის ყოველთვის უთვალთვალებდა, ყოველთვის ეშინოდა გარეთ გასლა. ჩემი შვილი თავის მეგობრებს სწრედა, რომ თუ რამე დაემართებოდა, ეს ბერიძის ბრალი იქნებაო", - განაცხადა სვეტლანა შატალოვა. 

27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. მის საქმეზე 3 პირი დაკავებული

საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყვნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ინტერვიუში ქალი ყვებოდა, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა, ასევე, იარაღით ემუქრებოდა. 

თვითონ ზურაბ ბერიძე ამბობს, შატალოვასთან 6 თვეზე მეტია, ურთიერთობა არ ჰქონია. 


close დახურვა