ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა - კერძოდ, მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ლატარიას კიდევ 3 წელი მანამდე არსებული პირობითი მსჯავრი დაემატა და ის ციხეში 20 წელს გაატარებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით ბექა ლატარია ცნობილი იქნა დამნაშავედ შემდეგი მუხლების დარღვევაში: 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად). მას კიდევ ერთი - 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) დარღვევას ედავებოდნენ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლში ლატარია გამართლდა.
ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნეს საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი - ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი.
ბიძინა ხასია დამნაშავედ ცნეს - სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილში (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება ლევან რაჯავის, რომელსაც ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) ჰქონდა წარდგენილი, მას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
***
27 წლის ანასტასია შატალოვა გასული წლის 18 ოქტომბერს მოკლეს. ამ საქმეზე პოლიციამ ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავა.
ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.
ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა.
საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ 2021 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყო. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.
სიკვდილამდე დაახლოებით 1 წლით ადრე შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
ინტერვიუში ქალი ყვებოდა, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა, ასევე, იარაღით ემუქრებოდა.
თვითონ ზურაბ ბერიძე ამბობს, რომ შატალოვასთან 6 თვეზე მეტია, ურთიერთობა არ ჰქონია.