კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დააბრუნა მთავარი არხის მიკროფონი, რომელიც მან ჟურნალისტ ემა გოგოხიას სამი თვის წინ წაართვა.
"ნახეთ მე რა მაქვს? სად არის ემა? ემას არ აქვს ჩემთან მოსასვლელი პირი, მაგრამ ეს წაუღეთ, როგორც თქვენი მარცხის ნიშანი. თქვენ გააყალბეთ კვლევა და მოატყუეთ ხალხს და შემდეგ გაწყვიტეთ IPSOS-თან კონტრაქტი", - თქვა წულუკიანმა, როცა მთავარი არხის ჟურნალისტ, ნათია ტრაპაიძეს მიკროფონს უბრუნებდა.
22 ივლისს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებდა.
ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.
თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი არხის მიკროფონს მაშინ დააბრუნებდა, როცა "ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი".
