logo
ENG



ბოკერია: ბრძოლას სჭირდება აქციები, თუმცა ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" მცდარად მიგვაჩნია

31 ოქტ 202116:57
3 წუთის საკითხავი
clock 1226

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციის ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" მცდარად მიაჩნია.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რეჟიმის არასაარჩევნო გზით ცვლილებას საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური მეთოდების აღმოფხვრას.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი საუბრობს, ბოკერია ეთანხმება აზრს, რომ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას კომპლექსური მიდგომა, მათ შორის საპროტესტო აქციები სჭირდება.

"ასეთ ვითარებაში, ასეთი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაგრამ აქვე მინდა, წინასწარ საზოგადოებამაც და ჩვენმა პარტნიორებმაც კონსულტაციებამდე იცოდნენ, რომ ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" ჩვენ მცდარად მიგვაჩნია.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ ისეთი სახიფათო ავტორიტარული რეჟიმების, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას", - ამბობს გიგა ბოკერია.

ოპოზიციის წევრები არ იზიარებენ ცესკოს წინასწარ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 64 მუნიციპალიტეტიდან 63-ში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იმარჯვებს. მათ უკვე უკვე განაცხადეს, რომ ახალი სამოქმედო გეგმა ექნებათ, რომელსაც პარლამენტის წინ 19:00 საათზე დააანონსეს.  

დღეს დაგეგმილ შეკრებას უერთდება მოძრაობა სირცხვილიაც და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა თავისუფალი არჩევნები მიისაკუთრა, ამიტომ, ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება, მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე კანდიდატებს შორის ხმების სხვაობა. 

ეუთო ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.


close დახურვა