ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს.
მისი თქმით, ვითარებიდან გამომდინარე პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება.
"პარლამენტში ყოფნასაც აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე და ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში ქართული ოცნება ცდილობს, რომ გაატაროს ის ხაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება", - თქვა მამულაშვილმა.
დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ გუშინ, 31 ოქტომბერს ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.
დღეს, 1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდება.
***
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე".
ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას.
ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.