logo
ENG



მელია: საქართველო პროტესტს იწყებს - ხვალ 17:00 საათზე ბათუმში, 18:00-ზე რუსთავის ციხესთან

01 ნოე 202123:57
3 წუთის საკითხავი
 
მელია: საქართველო პროტესტს იწყებს - ხვალ 17:00 საათზე ბათუმში, 18:00-ზე რუსთავის ციხესთან
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია 2 ნოემბერს აქციებს აანონსებს. facebook-ზე ის წერს, რომ ხვალ, 17:00 საათზე, აქცია გაიმართება ბათუმში, 18:00 საათზე კი რუსთავის ციხესთან.

როგორც მელია აღნიშნავს, პროტესტს პერმანენტული ხასიათი ექნება. 

"საქართველო პროტესტს იწყებს! ხვალ, 17:00 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან). ხვალვე, 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!

ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!"- წერს მელია.

ოპოზიციამ პერმამენტული აქციები გუშინ, რუსთაველის მოედანზე გამართულ აქციაზე დაანონსა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას. 

ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.


close დახურვა