ოპოზიციამ კვირის დღეებში რეგიონებში, კვირის ბოლოს კი თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა.
რუსთაველის გამზირზე დღევანდელ შეკრებაზე ნიკა მელიამ მოქალაქეებს ოპოზიციის გეგმები გააცნო.
მან თქვა:
"ხელისუფლებას ამაოდ გონია, რომ გუშინ გამარჯვება მოიპოვა. მას გუშინ გამარჯვება არ მოუპოვებია. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი ძალიან მალე.
ჩვენ ვაპირებთ მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას.
სამშაბათს ვაპირებთ ბათუმში ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად. ასევე, ვაპირებთ, ვიყოთ ქუთაისში და სხვა ქალაქებში.
მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გამიგოთ ახლა - ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს.
მაგრამ ის აქცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისგან და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით". - თქვა ნიკა მელიამ.
შესწორება: სათაური შეიცვალა - თავდაპირველად ნიუსში ეწერა, რომ აქცია 7 ნოემბერს გაიმართებოდა. მოგვიანებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეეშალათ და აქცია 6 ან 8 ნოემბერს გაიმართება.
***
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე".
ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას.
ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.