ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს. როგორც ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ფრაქცია წყვეტს მუშაობას პლენარულის სხდომების ფარგლებში, სანამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება.
"მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისად ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დრეს ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას არ აქვს რესურსი, გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით", - განაცხადა სამადაშვილმა.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 33-ე დღეა ციხეში შიმშილობს.
მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.
გარდა ამისა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ისინი არაერთ დარღვევაზე მიუთითებენ, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს ენმ-ს წევრებმა: ანი წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ და ნონა მამულაშვილმა.
მანამდე, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.