logo
ENG



ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას აცხადებს

03 ნოე 202119:20
3 წუთის საკითხავი
 

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანამდე შიმშილობას აცხადებს. 

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

ხოშტარიას თქმით, ის პარლამენტში იშიმშილებს. 

"მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას. მეტსაც გეტყვით, მე არ ვარ მისი ამომრჩვეელი. მე არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია და დღესაც მაქვს პრეტენზიები მის მიმართ. მაგრამ ის, რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და ჯანმრთელობის გარშემო, არის სადისტური და ცინიკური დამოკიდებულება მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ. ეს საკითხი სახელმწიფოებრივი ინტერესების, მშვიდობის საკითხია. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა არის აბსოლუტურად დაუშვებელი.

აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, აქ, პარლამენტში, ინსტიტუტში, რომელიც, ჩემი აზრით, არ არსებობს და მე არ შემოვსულვარ, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა, იმ მომენტამდე, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშემო არ მოიხსნება კითხვები". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მისივე თქმით, შიმშილობა დღეს, 3 ნოემბერს, დილიდან დაიწყო და მხოლოდ წყლის მიღებას აპირებს. 

"ამ ინსტიტუტმა დაკარგა ფუნქცია. ეს არის ჩემი პროტესტის ადგილი. შესაბამისად, აქ ვიწყებ შიმშილობას. ამ პერიოდის განმავლობაში მე არ დავტოვებ ამ შენობას, ვიქნები აქ მუდმივად, არ გავალ აქედან". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 34-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს. 


close დახურვა