მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში "ჭამს და ხვამს".
კობახიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უსაფუძვლოდ შიმშილობს და ამისთვის საბაბი არ აქვს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კობახიძე ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში საკვებს მოიხმარს.
"მე ვიცი, რომ ეს კაცი სვამს და ჭამს, ამაზე მთელი ციხე ლაპარაკობ...სამი ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად. სამი ლიტრი ლიმონათი უნდა კაცს და სვამს, ვერაფერს ვერ უზამ, ესეც პატიმრის უფლებაა. კაცი თავის ნებით შიმშილობს ყოვლად უსაფუძვლოდ, საბაბიც კი არ აქვს ამისთვის და თურმე სხვა კლავს. შეწყვიტოს შიმშილობა და დასრულდება ყველაფერი", - განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.