logo
ENG



უკრაინის საგარეო უწყება: დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში

08 ნოე 202123:20
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის საგარეო უწყება: დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანით და აგრეთვე იმით, რომ უკრაინულ მხარეს ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ტექნიქით, რათა მესამე პრეზიდენტს ყველანაირი სახის დახმარება აღმოუჩინონ.

უკრაინამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი შინაარსის ნოტა უკვე გადაუგზავნა.

"უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა გლდანის ციხის საავადმყოფოში დამატებით რისკებს და დაძაბულობას ქმნის, რომლის თავიდან აცილებაც ჰუმანიტარული მიზნით შესაძლებელია", - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს. 

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.


close დახურვა