5 საათიანი ლოდინის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ციხის საავადმყოფოში არ შეუშვეს.
როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, ის საღამოს 7 საათიდან იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის მონახულებაზე უარს სხვადასხვა მიზეზით ეუბნებოდნენ.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილთან შესული იყო ენმ-ის წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა, რომელიც ამბობს, რომ ციხეში შეაყოვნეს და გარეთ არ უშვებდნენ. ბოკუჩავა ფიქრობს, რომ მას ციხის შენობის დატოვების უფლებას იმიტომ არ აძლევდნენ, რომ შიგნით სააკაშვილის პირადი ექიმი არ შესულიყო.
"5 წუთის წინ შემატყობინეს, რომ ჩემი შეშვება არ მოხდება. მითხრეს, მობრძანდით ხვალო. მიზეზს არ მეუბნებიან. თინა იყო შესული მანამდე, არ უშვებდნენ გარეთ, მე არ მიშვებდნენ შიგნით", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა და პაატა ბურჭულაძემ.