logo
ENG



ბოკუჩავა: სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ციხის შენობის დატოვების საშუალებას არ მაძლევდნენ

16 ნოე 202100:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/16/y1jjg19c8g80yyf.jpg

ენმ-ის წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გლდანის ციხის ადმინისტრაცია ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

ბოკუჩავას თქმით, მისი და ყოფილი პრეზიდენტის შეხვედრა მალე დასრულდა, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე საათი შეაყოვნეს. 

"ამ ციხის ადმინისტრაციაში არიან მწვალებლები, უბრალოდ სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების შესაძლებლობას, დროის მონაკვეთი ვერ განვსაზღვრე, მაგრამ დაახლოებით 2 საათი იყო ეს.

მე სააკაშვილთან შეხვედრა დავასრულე მალე, ჩვენ კონკრეტულ საკითხზე უნდა გვესაუბრა და ჩვენი შეხვედრა დასრულდა ძალიან მალე და შემდგომ ციხის ადმინისტრაცია არ მაძლევდა შენობის დატოვების შესაძლებლობას", - ამბობს ბოკუჩავა.

ბოკუჩავას აზრით, მას ციხის ტერიტორიიდან გარეთ იმიტომ არ უშვებდნენ, რომ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე არ შეეშვათ.

"მე ციხიდან აქეთ არ მიშვებდნენ, ნიკოლოზ ყიფშიძეს შიგნით არ უშვებდნენ. შეიძლება ჩემი შეფერხებაც იმით იყო განპირობებული, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე არ შეეშვათ და ეთქვათ, რომ თინა ბოკუჩავა იყო შეხვედრაზე, მაგრამ ეს ასე არ არის. შეუძლიათ ამოიღონ კადრები და ნახონ, რომ ჩემი შეხვედრა დასრულდა მალე", - თქვა ბოკუჩავამ. 

ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას საღამოს 7 საათიდან ითხოვდა. 5 საათიანი ლოდინის შემდეგ მას ციხის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სააკაშვილთან ხვალ შეუშვებდნენ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თინა ბოკუჩავას თქმით, ის თავს სუსტად გრძნობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა და პაატა ბურჭულაძემ.


close დახურვა