logo
ENG



ლუკაშენკო საზღვრის კრიზისზე: შესაძლოა, ჩვენ ვეხმარებოდით მიგრანტებს ევროკავშირში შესვლაში

20 ნოე 202113:40
3 წუთის საკითხავი
 
ლუკაშენკო საზღვრის კრიზისზე: შესაძლოა, ჩვენ ვეხმარებოდით მიგრანტებს ევროკავშირში შესვლაში

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, BBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსის ძალები მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარნენ. თუმცა ის უარყოფს, მიგრანტების საზღვართან მობილიზებასა თუ შეკავებაში მონაწილეობას.

ათასობით მიგრანტი, რომელთა ძირითადი ნაწილი შუა აღმოსავლეთიდანაა, უკვე კვირებია, რაც ევროკავშირში შეღწევას ბელარუსის გავლით ცდილობს.

 „ჩვენ სლავები ვართ და გული გვაქვს. ჩვენმა სამხედროებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. შეიძლება ვიღაც დაეხმარა მათ. ამ საკითხით არც კი დავინტერესდებოდი“, - აცხადებს ლუკაშენკო, BBC-სთან ინტერვიუში.

ევროკავშირი, ნატო და აშშ ბელარუსის ლიდერს მიგრანტების პოლონეთის საზღვართან მობილიზებასა და მათთვის ევროკავშირში მარტივად შესვლის ცრუ დაპირებაში ადანაშაულებს. ლუკაშენკო ამ ბრალდებას უარყოფს.

„მე მათ ვუთხარი [ევროკავშირს], რომ არ ვაპირებ მიგრანტების საზღვართან დაკავებას და ამიერიდან თუ გააგრძელებენ საზღვართან მისვლას, მე მათ კვლავ არ შევაჩერებ, რადგან ისინი ჩემს ქვეყანაში კი არა, თქვენსაში მოდიან.

თუმცა მე ისინი აქ არ დამიპატიჟებია. და გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდა რომ ისინი ბელარუსის გავლით გადაადგილდებოდნენ. დასავლეთმა შეწყვიტა ჩვენთან საუბარი და მუშაობა. თუ არ გინდათ კარგი, ამ პრობლემას ჩვენ უთქვენოდ მოვაგვარებთ“, - აცხადებს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი.

ევროკავშირი ლუკაშენკოს პოლონეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან სასაზღვრო კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. მისი ქმედებები კი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მასობრივი პროტესტებისას ძალადობრივი ანგარიშსწორების გამო დასავლეთის მხრიდან ბელარუსზე დაწესებულ სანქციებზე პასუხად განიხილება.

ლუკაშენკო ბელარუსის სათავეში 1994 წლიდანაა. თუმცა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლეთი არ აღიარებს. სვეტლანა ტიხანოვსკაია, ვინც 2020 წლის არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი იყო, ქვეყნიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც მან თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ევროკავშირისა და ამერიკის სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ ძლიერი ბერკეტია, რადგან ლუკაშენკოს "მხოლოდ ძალაუფლების ენა ესმის". საზღვრის კრიზისთან დაკავშირებით ტიხანოვკსაია ლუკაშენკოს რეჟიმს ევროპული ქვეყნების დაშანტაჟებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეს დასავლეთის მხრიდან ბელარუსის დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერაზე ლუკაშენკოს პასუხია.

ამ კვირაში, პოლნეთის საზღვრის მცველებმა დაადასტურეს, რომ ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან მიგრანტები აღარ იმყოფებიან. ისინი ბელარუსის ძალებმა დროებით ახლომდებარე საწყობში შეასახლეს, რაც სიტუაციის დეესკალაციად განიხილება.

ათასობით ადამიანი, რომელთა უმეტესობა შუა აღმოსავლეთიდანაა, კვირების განმავლობაში ევროკავშირში შეღწევის იმედით პოლონეთის საზღვართან ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს, 18 ნოემბერს, ერაყის ხელისუფლებამ ბელარუსიდან 400-ზე მეტი ერაყელი სპეციალური ავიარეისით დააბრუნა სამშობლოში. ამის მიუხედავად ბელარუსში ამ დრომდე დაახლოებით 5 000 მიგრანტი რჩება. 

სამშაბათს, 16 ნოემბერს საზღვართან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, როცა საზღვრის მიმდებარედ, კუზნიცას რეგიონში, მიგრანტები პოლონეთის თავდაცვის ძალებს თავს დაესხნენ. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიგრანტებმა პოლონელ სამხედროებს და ოფიცრებს ქვები დაუშინეს და სასაზღვრო ღობის განადგურებით პოლონეთში შეღწევას სცადეს.

ცნობისთვის, ევროკავშირში პოლონეთის საზღვართან მიგრანტების კრიზისის საპასუხოდ, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაზრდაზე ისაუბრეს.


close დახურვა