logo
ENG



ექიმი სააკაშვილზე: სჭირდება სხვადასხვა ორგანოების მკურნალობა, კარგი იქნებოდა ციხეებს გარეთ

20 ნოე 202121:36
3 წუთის საკითხავი
clock 1376

მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, ჰქონდა წნევის პრობლემები და საყურადღებოა მისი ნევროლოგიური მდგომარეობაც.

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს და მას უნდა მისცენ თავისუფლად მკურნალობის საშუალება, რადგან ციხის გარემო და ბადრაგის მეთვალყურეობა სტრესის შემქმნელია.

ასევე, ყიფშიძე ამბობს, რომ მხოლოდ ე.წ. რიფიდინგის დროს მკურნალობა არ იქნება საკმარისი და სააკაშვილს სჭირდება სხვადასხვა ორგანოების მკურნალობა.

გარდა ამისა ყიფშიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ჰქონდა ბადრაგთან პრობლემა, მას არ ეძლეოდა ფანჯრის გაღების საშუალება, რაც მოგვარდა. ასევე სააკაშვილი მადლობას უხდის გორის ექიმებს.

"კონსილიუმის ექიმების დასკვნებს სავსებით ვეთანხმები. პრეზიდენტი თვითონ სუსტად არის, რასაკვირველია, წნევის პრობლემები ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში, ასევე, გარკვეული პრობლემები ჰქონდა დილას, ბადრაგთან დაკავშირებით, არ მისცეს უფლება ფანჯრის გახსნის, ეს მოგვარდა. მაინც სტრესული სიტუაცია გრძელდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. რაც შეეხება კვებას, უკვე დაიწყო კვება, ნორმალურად წავიდა ეს პროცესი, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ყველაფერი და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი. 

პრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს, ძალიან მოეწონა მისი სტაფი, კომფორტულად გრძნობს თავს.

მაგრამ მოგახსენებთ ჩემს აზრს, მკურნალობა ასეთ პირობებში ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთ მდგომარეობაში. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს, ამიტომ ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, მაგრამ, მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება ასეთ ადამიანს მივცემდი უფლებას მკურნალობის - ციხეების გარეთ. თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის დასწრებით და ა.შ. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან, მე არც იურისტი არ ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი... ახლა ვუმკურნალებთ, მერე ციხეში ისევ ავად გახდება.

მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს, რომ ავადმყოფს ვუმკურნალეთ, აქ არის სტრესი და ბევრი პრობლემაა. ეს განცხადება რასაც ახლა ვაკეთებ პრეზიდენტთან არ შემითანხმებია. რეფიდინგის პრობლემა თუ მოვაგვარეთ არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. მას სჭირდება მკურნალობა სხვადასხვა ორგანოების, ფილტვის, თავის ტვინის, ღვიძლის, ამიტომ შემომაქვს ასეთი თხოვნა - იქნება გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და იმკურნალოს. აქ რომ გასაკეთებელი იყოს MRT ამ დროისთვის ვერ გავაკეთებთ, ახლა აკეთებენ "აფდეითს". ჩემი რეკომენდაციაა მისცენ ამ ადამიანს თავისუფალი მკურნალობის უფლება." - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე

დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს სამთავრობო კონსილიუმის ექიმებმაც, მათი თქმით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იღებს საკვებს სქემის მიხედვით.

ასევე, კონსილიუმის ექიმი, ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსის მხრივ დინამიკა პოზიტიურია.

მიხეილ სააკაშვილი გორში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.


close დახურვა