logo
ENG



ადვოკატი სააკაშვილის უბადრაგოდ მკურნალობაზე: უფლებადამცველთა ჯგუფში არ ყოფილა განხილული

21 ნოე 202114:35
3 წუთის საკითხავი
clock 1542

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა იმკურნალოს არა ციხის პირობებში, ბადრაგის მეთვალყურეობის გარეშე, ამბობს რომ ეს ჰუმანური იდეაა, თუმცა ადვოკატებს ეს იდეა არ განუხილავთ, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილთან.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის ციხის პირობების გარეთ, უბადრაგოდ, მკურანლობის მოთხოვნისთვის, ფორმალურად საჭიროა სასამართლოსთვის განაჩენის გადავადებით მიმართვა, რაც საფრთხილოა, რადგან შესაძლოა მთავრობის მხრიდან გაჟღერდეს პოზიცია, რომ ადვოკატები არა განაჩენის ანულირებას, არამედ გადავადებას ითხოვენ და ამით თითქოს განაჩენის სამართლიანობას აღიარებენ.

"არა, ეს არ გახლავთ ადვოკატების მიერ წამოყენებული ინიციატივა ჯერჯერობით, ეს თემა არც კი ყოფილა განხილული მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველთა ჯგუფში, ჩვენ მიერ არ განხილულა ეს იდეა და ეს იდეა გააჟღერა რამდენიმე ადამიანმა, არის ძალიან ჰუმანური იდეა, ცხადია ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს.

წმინდა სამართლებრივად რომ შევხედოთ, სასამართლოს განაჩენის აღსრულების გადავადების თხოვნით მიმართავს ან თავად მსჯავრდებული, ან მისი ადვოკატი, ან მისი წარმომადგენელი ან პენიტენციური სასმსახურის გენერალური დირექტორი, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ... ჩვენ გვახსოვს ადამიანი საკვებ დანამატს იღებდა, ვიტამინს და თქვეს, რომ ჭამსო, ბუნებრივია ადვოკატმა რომ მიმართოს სასამართლოს განაჩენის გადავადების აღსრულების მოთხოვნით, გამოვა მეორე დღეს, რომელიმე მინისტრი და იტყვის, რომ აი განაჩენის გადავადებას ითხოვენ, თორემ გაუქმებას არ ითხოვენ და ეს მის აღიარებას ნიშნავსო, შესაბამისად ამ მექანიზმის გამოყენება ძალიან საფრთხილოა.

ცხადია ყველა იდეას განვიხილავთ, ყველანაირი სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული იქნება გამოყენებული, ეს მნიშნველოვანია სტრასბურგისთვის, რომ გამოყენებული იქნას შიდა მექანიზმები, თუმცა ამჟამად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ეს განაჩენები გადასავადებელი არ არის, გასაუქმებელია." - ამბობს შოთა თუთბერიძე

ასევე, ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასჯელის გადავადების პრეცედენტები არსებობს და მაშინ როცა მსჯავრდებულის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სასჯელის აღსრულება აზრს კარგავს, გარკვეული სამედიცინო დიაგნოზის ფონზე, სასამართლო მსგავს პრაქტიკებს მიმართავს ხოლმე.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ სააკაშვილი ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს და მას უნდა მისცენ თავისუფლად მკურნალობის საშუალება, რადგან ციხის გარემო და ბადრაგის მეთვალყურეობა სტრესის შემქმნელია.

მიხეილ სააკაშვილი გორში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.


close დახურვა