logo
ENG

​გამყრელიძის თქმით, შეიძლება იყოს მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი - შიდა და გარე მოხმარების

25 ნოე 202114:36
3 წუთის საკითხავი
clock 304

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში შესაძლებელია მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი იყოს დაშვებული - შიდა მოხმარების და საზღვარგარეთ მგზავრობისთვის. 

მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ მგზავრობისთვის განკუთვნილი პასპორტი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

"ამ ეტაპზე დღეს როგორი გადაწყვეტილებაცაა, არის ორნაირი პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც აღნუსხულია, რომ თუ ადამიანს ოდესმე გადატანილი აქვს, ჩაითვლება, რომ ამ პასპორტით შეიძლება მისი შესვლა სხვადასხვა დაწესებულებაში, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით QR კოდს, რომელიც საზღვარზე მოწმდება და იცით, რომ ჩვენი კოდის ევროპულ QR-კოდთან ჰარმონიზირება მოხდა, იქ ცოტა სხვა საკითხია. იქ ითვლება, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი, ამიტომ აქ მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია, დაშვებული იყოს მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის, იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი QR კოდი უნდა ჰარმონიზირდეს", - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება. მწვანე სტატუსი აქვთ პირს, ვინც ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს. 

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი. 

მწვანე პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლა აკრძალულია.

close დახურვა