logo
ENG

მოსამართლე ოქროპირიძე დიპლომატების კრიტიკაზე მოსამართლეთა განცხადებას იზიარებს

25 ნოე 202117:01
3 წუთის საკითხავი
clock 232
2021/11/25/t6f4lzibnw7orqk.jpg

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თამარ ოქროპირიძე ამბობს, რომ ეთანხმება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, რომელშიც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე დიპლომატების კრიტიკას "შეურაცხმყოფელს" უწოდებდნენ. როგორც ოქროპირიძემ განმარტა, ის თვითონაც ადმინისტრაციული კომიტეტის წევრია.

თამარ ოქროპირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატ, ლევან იოსელიანის კითხვას უპასუხა.

"მინდა ცალსახად დავაფიქსირო პოზიცია, რომ ევროსაბჭოს, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურება და მათი ჩართულობა სასამართლოს რეფორმირების პროცესში არის ცალსახად მნიშვნელოვანი. ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების მიზანი არ ყოფილა ამ ღირებულებების უარყოფა. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ მიგვეწოდებინა რეალურად ობიექტური ინფორმაცია, თუ რატომ ჩატარდა კონფერენცია და რომ კონფერენცია კანონის სრული მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა", - თქვა ოქროპირიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მიუღებელია განცხადება იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მოსამართლე სასამართლო სისტემას ძირს უთხრის და ასეთ განცხადებას გარკვეული მტკიცებულებები უნდა ახლდეს.

4 ნოემბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას "გადაჭარბებულს" უწოდებს და საელჩოებს "ვენის კონვენციის პატივისცემისკენ" მიუთითებს.

მოგვიანებით, 16 მოსამართლე აღნიშნულ განცხადებას გაემიჯნა, მათ შორის იყო უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე - ნინო ბაკაკური და ეკატერინე გასიტაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს. 

close დახურვა