logo
ENG



მოსამართლე ორკოდაშვილი სააკაშვილზე: მის გარეშე საქმის განხილვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

27 ნოე 202117:37
3 წუთის საკითხავი
clock 11748

მიხეილ სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს. ამასთან, ლიანა ორკოდაშვილს მოსამართლეთა კლანზე საუბარი არ სურს, რადგან, მისი თქმით, ეს მის კოლეგებთანაა დაკავშირებული.

"პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ ჩემი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგებთან რაც არის დაკავშირებული ამ საკითხებზე საუბარი არ მსურს და ცუდად არ ჩამითვალოთ" - ამბობს მოსამართლე.

მოსამართლის თქმით, არათუ პრეზიდენტი, არამედ რიგითი მოქალაქეც საკუთარ სასამართლო პროცესს უნდა ესწრებოდეს.

"რიგითი მოქალაქე რომ იყოს და არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მის გარეშეც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საქმის განხილვა, მით უმეტეს როდესაც საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე", - ამბობს პირველი ისნტანციის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი.

ორკოდაშვილის თქმით, მოსამართლეებს გაგზავნილი აქვთ მოთხოვნა, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწროს, თუმცა გადაწყვეტილებას პენიტეცნიური სამსახური იღებს, რომელმაც წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლეებს შეატყობინა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შესაძლო პროვოკაციების გამო სასამართლოს არ დაასწრებდნენ.

"ჩვენ მოგვივიდა ცნობა და იქ ეწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული და მეორე ეწერა, რომ შეიძლება რაღაც პროვოკაციები იყოსო. ახლაც გაგზავნილი გვაქვს კანონის ყველა ნორმის დაცვით მოთხოვნა მისი სასამართლო პროცესზე წარმოდგენის თაობაზე. თუ მოსამართლეს გინდა, რომ სამართლიანად განიხილო საქმე, რა თქმა უნდა შენს ინტერესში ყოველთვის შედის, რომ ის ადამიანი ვის მიმართაც არის ბრალდება წაყენებული, თავისი საქმის განხილვაში თვითონ მონაწილეობდეს", - ამბობს მოსამართლე.

როგორც ორკოდაშვილი ამბობს, მისთვის შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება, საუბარია სააკაშვილის გლდანში მოტყუებით გადაყვანაზე.

"როდესაც ჩემი სურათი იდება და ქვემოთ იწერება რომ მოსამართლე ლია ორკოდაშვილი კლავს, არანორმალური უნდა იყო, რომ ამან შენს ნერვებზე არ იმოქმედოს.

მტერიც რომ მენახა ასეთ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, როგორც ადამიანს, ყველა შემეცოდებოდა, წარმოუდგენელი რამეა", - ამბობს ის.

მოსამართლის მიერ მედიისთვის მიცემულ კომენტარებს გიგი უგულავა გამოეხმაურა, რომლის საქმეზეც ლიანა ორკოდაშვილი ერთერთი მოსამართლე იყო. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული. 

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. 

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარს ამბობდა, მიზეზად კი "დესტქურციას" ასახელებდა და აღნიშნავდა, რომ შესაძლოა, მათ სააკაშვილის გადაყვანის პროცესში ხელი შეშლოდათ.

სააკაშვილმა შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, 22 ნოემბერს კი, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტა არის ​იმის საფუძველი, რომ ყოფილი პრეზიდენტი შემდეგ პროცესზე სასამართლო დარბაზში გადაიყვანონ. მინისტრის თქმით, ისინი ამ საკითხზე ექიმების დასკვნას დაელოდებიან.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. 

სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირები შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.

სააკაშვილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო კვეთისთვის.

 

close დახურვა